მშობელს

განრიდების, ან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისთვის, ასევე 21 წლამდე ასაკის მსრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ, გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

განრიდების ან  განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში  გაფორმდება სამოქალაქო ხელშეკრულება,  რომლითაც განისაზღვრება არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საჭიროებების, ინტერესების თუ შესაძლებლობების მიხედვით შემუშავებული  ვალდებულებების, ასევე სერვისების ჩამონათვალი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სერვისების თვალსაზრისით, არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუ არასრულწლოვანმა/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანმა პირნათლად შეასრულა ხელშეკრულების ყველა პირობა, მას არ ექნება ნასამართლობა და არ განესაზღვრება სისხლის სამართლით გათვალისწინებული სასჯელი.

პროგრამის მეშვეობით, უკვე განრიდებულია 4000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევებში, განრიდების პირობები განრიდებულებს დაეხმარა ახალი ინტერესის, ნიჭის აღმოჩენაში, ასევე პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში.

პროგრამის წარმატება არის დამოკიდებული არა მხოლოდ პროგრამაში  ჩართულ პირსა და პროფესიონალებზე, არამედ არასრულწლოვნის გარემოცვაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლების, ოჯახის და მის აღზრდაში მონაწილე ადამიანების როლი, იმისათვის, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფმა ბავშვმა უკეთ გაიაზროს საკუთარი ქმედების შინაარსი და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენი თანადგომით მან უნდა შეძლოს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და დაშვებული შეცდომის გამოსწორება. თქვენ ხელი უნდა შეუწყოთ არასრულწლოვანს, რათა მან კეთილსინდისიერად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ამ მოვალეობების შესრულება მას აარიდებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა